ქართულიEnglishРусский
მოძებნეთ ჩვენს საიტზე:   
 

სიახლე 2009 ხის ასაწყობი კოტეჯი

დეკემბერი 2009

ვუდ სერვისის და USAID-ის VEP-ის პროფესიული გადამზადების ერთობლივი პროექტი: შპს "მშენებელი 2010+"


2009 წლის დეკემბერში კომპანია ვუდ სერვისმა USAID-ის პროფესიული გადამზადების პროექტთან თანამშრომლობით განახორციელა 20 მებეტონის მომზადება. გადამზადების კურსი მოიცავდა 2 კვირიან თეორიულ სწავლებას, რომელსაც ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ახორციელებდნენ პროფესიონალი ინჟინერ-მშენებლები დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან. კურსის მსმენელებმა შეისწავლეს რკინა-ბეტონის გამოყენებით მშენებლობის სრული პროცესი, რომელიც მოიცავდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მშენებლობის ყველა ეტაპს: ყალიბების მომზადებას, არმატურის დაწვნას და ჩალაგებას, ბეტონის ჩასხმას და მისი ზედაპირის დამატებით დამუშავებას. კურსდამთავრებულებმა ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი სამშენებლო ბრიგადა და დააფუძნეს კომპანია - შპს “მშენებელი 2010+”. ვუდ სერვისის და პროფესიული გადამზადების პროექტის დაფინანსებით მოხდა ახლად შექმნილი კომპანიის რკინა-ბეტონის სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარებით უზრუნველყოფა. სადღეისოდ კურსდამთავრებულთა ბრიგადა დასაქმებულია ნაქულბაქევის ტერიტორიაზე მშენებარე ახალი ტექნოლოგიების ცენტრში, სადაც წარმატებით ახორციელებს ბეტონის სრულ სამუშაოებს.
  

დეკემბერი 2009

ქართულ-მაკედონიური პარტნიორობა - ქიმიური დანამატები სამშენებლო დარგისათვის


2009 წელს ვუდ სერვისი გახდა მაკედონიური კომპანიის ADING-ის (www.ading.com.mk) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის უმსხვილესი კომპანია ADING-ი აწარმოებს სხვადასხვა სახის ქიმიურ დანამატებს სამშენებლო ინდუსტრიისათვის, როგორიცაა დანამატები ბეტონისათვის, ბათქაშსა და ცემენტისათვის, მათ შორის პლასტიფიკატორები. გარდა ამისა კომპანია აწარმოებს პროდუქციას ბეტონის შეკეთებისათვის, საიზოლაციო მასალას, ხანძრისგან დაცვის საშუალებებს, სამშენებლო წებოს, დეკორატიულ საფარებსა და ბათქაშს.

ქართულ-მაკედონიური პარტნიორობის ფარგლებში ვუდ სერვისის საწარმოო ბაზაზე ჩამოყალიბდება ახალი უბანი, სადაც მოხდება მაკედონიიდან მოწოდებული ქიმიური დანამატების კონცენტრატის გახსნა და დაფასოება. დამზადებული პროდუქტი მიეწოდება ცემენტის წარმოებებსა და სამშენებლო კომპანიებს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის მასშტაბით.

  

ნოემბერი 2009

მდგრადი არქიტექტურის ლაბორატორია სტუ-ში


2009 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა მდგრადი განვითარების არქიტექტურის ლაბორატორიის პრეზენტაცია. ლაბორატორიის დაარსების მიზანია საქართველოს დღევანდელ არქიტექტურაში მდგრადი მშენებლობის პრინციპების დანერგვა და მათი პოპულარიზაცია. მდგრადი განვითარების არქიტექტურის ლაბორატორია წარმოადგენს ვუდ სერვისის მიერ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა-ჩამოყალიბებით დაწყებული სასწავლო პროექტის შემდგომ ფაზას. ლაბორატორიისათვის ფართი უზრუნველყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა, დიზაინერული სამუშაოები შეასრულა კომპანია “თი დი ეს”-ის ჰოლანდიელმა არქიტექტორმა, ხოლო ტექნიკური სამუშაოები დააფინანსა და ჩაატარა კომპანია ვუდ სერვისმა. ლაბორატორიის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს არქიტექტორების გადამზადებას, რომლებიც შექმნიან მდგრადი მშენებლობის პრინციპებზე დაფუძნებულ პროექტებს, ხოლო მეორესმხრივ, მულტიფუნქციურ ცენტრში გადამზადებული ცისფერ საყელოიანი მუშაკები შეძლებენ ამ პროექტების განხორციელებას. პრეზენტაციას დაესწრნენ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები (UშAID, ჭორლდ Vისიონ, Gთძ აშ.,) რომელთა დახმარებითაც უნდა დაიგეგმოს და განხორიცელდეს პილოტური პროექტები.
  

ოქტომბერი 2009

ვუდ სერვისმა ხე-ტყის პროდუქციის მაღაზია გახსნა


2009 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ვუდ სერვისის ხე-ტყის პროდუქციის მაღაზია, რომელიც მდებარეობს კომპანიის საწარმოო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეიქრების ქ. #14-ში. მაღაზიის ფუნქციაა ხის ტექნოლოგიების ცენტრის გახსნამდე მისი სავაჭრო ფუნქციები შეასრულოს. სასაწყობო მეურნეობა მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა, მათ შორის ეგზოტიკური ჯიშის დახერხილ მერქანს, მერქან ბურბუშელოვან ფილებს, საავეჯე ნახევარფაბრიკატებს, მერქნის კონსერვაციისა და ზედაპირის დამუშავების საშუალებებს. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილი იქნება ვუდ სერვისის მიერ ახლად დანერგილი პროდუქტი სართულშორისი გადახურვის ძელები “Posi”.
  

ოქტომბერი 2009

გერმანიის მთავრობამ ქართველ დევნილებს 300 სახლი გადასცა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა პატრიცია ფლორმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილად ქცეული მოსახლეობისთვის გორთან ახლოს მშენებარე ახალი სოფლის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულებს გადასცა 300 ახალი სახლი, რომლის მშენებლობაშიც კომპანია ვუდ სერვისმა მიიღო მონაწილეობა.

საცხოვრებელი ბინები გერმანიის მთავრობის დაფინანსებით გაკეთდა და 8 მილიონი ევრო დაჯდა, ხოლო გერმანიის კრიზისის დაძლევის ფონდის მიერ დამატებით გამოყოფილი 1.7 მილიონი ევროთი მოხდება მოსახლეობისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა. ახალი სოფლის ფუნქციური ნაწილი, რომელიც დღეს საზეიმოდ გაიხსნა, 8 ქუჩისგან შედგება. ნავარაუდევია, რომ ერთ-ერთ მათგანს გერმანიის ხეივანს უწოდებენ. ახალ სოფელში, მოსახლეობისთვის ეკლესიაც მოქმედებს.

საქართველოში გერმანიის ელჩმა დევნილებს ახალსახლობა მიულოცა და განაცხადა, რომ ბედნიერია იმით, რომ მოსახლეობას ახალი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა.

  

სექტემბერი 2009

ახალი ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობა ნაქულბაქევზე


2009 წლის სექტემბრის ბოლოს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, როგორც ჩვენი საინფორმაციო ფურცლების წინა გამოცემაში გაცნობეთ, ახალი ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო პოლიგონი ნაქულბაქევის ტერიტორიაზე მდებარეობს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა უძველესი კულტურული ძეგლები: კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები, დიდი ზომის ქვევრი, რკინის მოკლე ხანჯალი -აკინაკი, სკვითური ისრისპირები, რკინის საბრძოლო იარაღი - ცულ-წერაქვა და ა.შ. ნაქულბაქევის აღმოჩენები 3 000 წელს ითვლიან და ადასტურებენ, რომ ეს ადგილი სავაჭრო გზების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. ამ ადგილას გათხრები XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს სამხედრო გზის გაფართოებისას დაიწყო. 2007 წლიდან გათხრები განახლდა, რომლებსაც აწარმოებდა საქართველოს ეროვნული მუზეუმი კომპანია ვუდ სერვისის დაფინანსებით. სამეცნიერო დაწესებულებისა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის მაგალითმა თბილისის მერიაც დააინტერესა. მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად, არქეოლოგიური მონაპოვარის პრეზენტაციას ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯომარე დაესწრნენ და ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი სამარხები და ნივთები დაათვალიერეს. სამარხებში აღმოჩენილი ნივთებს შესწავლა დაწყებულია და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის გახსნასთან ერთად (2010 წლის მაისში) მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება არქეოლოგიური გათხრების დამთვალიერებელთა ცენტრი, სადაც აღმოჩენილი სამარხები და სხვა კულტურული ძეგლები იქნება ექსპონირებული.
  

აგვისტო 2009

მენეჯმენტის კვალიფიკაციის ამაღლება


2009 წლის ზაფხული ვუდ სერვისისთვის იყო აღსანიშნავი მენეჯმენტის კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით. მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერები ეწვივნენ ვუდ სერვისის პარტნიორ კომპანიას - სკანდინავიური წიწვოვანი მერქნის მომწოდებელს Derome-ს (შვედეთი). მენეჯერებმა მოინახულეს სამი ქარხანა, რომლებშიც ხორციელდება ხე-ტყის დახერხვა, მერქნის გაჟღენთვა, გადახურვის ფერმების დამზადება, ქარხნული წესით სახლების წარმოება. შვედეთში ყოფნის 5 დღის განმავლობაში მენეჯერებმა აითვისეს ტყით სარგებლობის, მისი მოშენებისა და მართვის, ასევე მერქნის პროდუქციის მარკეტინგის და გაყიდვების მეთოდები.

აგრეთვე კონსტრუქციული პროექტირების მენეჯერებმა გაიარეს თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგი სახურავების პროექტირებაში MiTek-ის პროგრამული უზრუნველყოფის - Trusscon/Roofcon-ის გამოყენებით. ტრეინინგები ჩატარდა პოლონეთში, ქალაქ ლეგნიცაში.

  

ივლისი 2009

ახალი პროდუქტი: Rheinzink - არქიტექტურული ამოცანების ჰარმონიული და ესთეტიური გადაწყვეტა


2009 წლის ივლისიდან ვუდ სერვისი გახდა Rheinzink-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანია ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს ცინკის მასალით შენობების გადახურვასა და მოპირკეთებას, ასევე წყალშემკრები სისტემებს ინსტალაციას.

Rheinzink-ი არის ცინკის ელექტროლიზით გაწმენდილი მინარევი 99.995% ცინკის და 0.005% სპილენძისა და ტიტანიუმის შემცველობით. Rheinzink-ის მიმზიდველობა სხვადასხვა არქიტექტურულო პროექტებისათვის დაკავშრიებულია მისი გამოყენების შესაძლებლობების მრავალფეროვნებასთან: დაწყებული ალპური კოტეჯებით და თანამედროვე მუზეუმებით და დამთავრებული სახლებით ავანგარდულიდან ტრადიციულ სტილამდე. გარდა ესთეტიური სილამაზისა, ცინკის მასალით გადახურვას და ფასადების მოპირკეთებას ბევრი დადებითი თვისება აქვს: მასალის გამძლეობა და ეკოლოგიური სისუფთავე უზრუველყოფს Rheinzink-ის პროდუქტის მაღალ ხარისხს.

  

ივნისი 2009

ხე-ტყის პირველი აუქციონი კავკასიაში


22 მაისს გამოფენა Caucasus Build 2009-ს ფარგლებში კომპანია ვუდ სერვისმა ჩაატარა ეგზოტიკური და წიწვოვანი ჯიშების ხე-ტყის პროდუქციის პირველი აუქციონი კავკასიაში. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 18 ლოტი მოიცავდა ეგზოტიკური ჯიშების მასიურ ფიცრებს, ბულებს და საავეჯე შჩიტებს, ასევე სკანდინავიური წიწვოვანი ჯიშის მასიურ ფიცარს და სხვადასხვა ჯიშის ხის ფანჯრის სამფენოვან ძელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამშენებლო და ხის გადამამუშავებელმა კომპანიებმა, ასევე არქიტექტორებმა და კერძო პირებმა.

აუქციონზე გამოტანილი ყველა ლოტი გაიყიდა. აუქციონში გამარჯვებულმა პირებმა საჩუქრად მიიღეს 10%-იანი ფასდაკლების ბარათი კომპანია ვუდ სერვისის ყველა პროდუქტზე 2009 წლის 31 დეკემბრამდე.

  

ივნისი 2009

ხის ტექნოლოგიების გამოფენა Caucasus Build 2009-ზე


20-23 მაისს კომპანია ვუდ სერვისმა, მის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად მშენებლობისა და ინტერიერის მე-14 საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2009-ს ფარგლებში განახორციელა ხის ტექნოლოგიების ექსპოზიცია, სადაც წარადგინა გადახურვის და სართულშორისი ფერმების ქარხნული წესით დამზადების, მერქნის გრძელვადიანი კონსერვაციის, მისი აალებისგან დაცვის, ხის ფანჯრების დამზადების, მერქნის ნატურალური ზეთებით დამუშავების, ხის და კომბინირებული კოტეჯების დამზადების და მონტაჟის ტექნოლოგიები. გამოფენის მონაწილეებს კომპანიამ ასევე გააცნო მის მიერ საქართველოში იმპორტირებული ხის და ხის ბაზაზე დამზადებული პროდუქცია: კონსტრუქციული დანიშნულების მერქანი, ეგზოტიკური ჯიშის ხე-ტყე, ავეჯის ნახევარფაბრიკატები, მერქნის ძელები ფანჯრებისა და კარებისათვის, OSB და სხვა.

კომპანიის მიერ ორგანიზებულ ხის ტექნოლოგიების პავილიონში ვუდ სერვისთან ერთად პირველად წარდგნენ მისი უცხოელი პარტნიორები Diotrol (შვეიცარია - ნატურალური ზეთები), Derome (შვედეთი - კონსტრუქციული წიწვოვანი მერქანი), Texwood Trading (გერმანია - ეგზოტიკური ჯიშების ხე-ტყე), Nilma (ლიტვა - ძელები ფანჯრებისა და კარებისათვის) და Trukme (ლიტვა - OSB, სხვადასხვა მერქან-ბურბუშელოვანი ფილები). ვუდ სერვისთან ერთად გამოფენაში ასევე მონაწილეობა მიიღეს MiTek Industries (აშშ - პროგრამული უზრუნველყოფა და მეტალის შემაერთებელი ელემენტები ხის კარკასული მშენებლობისათვის) და Arch Timber Protection (დიდი ბრიტანეთი - მერქნის კონსერვაციის საშუალებები).

  

მაისი 2009

ხის ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობა სექტემბერში იწყება


ვუდ სერვისის ახალი სტრუქტურის – ხის ტექნოლოგიების ცენტრის გახსნა, რომელიც განთავსებული იქნება თბილისში აღმაშენებლის გამზირზე, იგეგმება 2010 წელს. ცენტრის მშენებლობა, რომელსაც არქიტექტორებისთვის, მშენებლებისთვის, დურგლებისთვის, სტრუქტურული ინჟინრებისთვის და მერქანთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში მოღვაწე პირთათვის საგანმანათლებლო ცენტრის დატვირთვა ექნება, დაიწყება ამ წლის სექტემბერში. ხის ტექნოლოგიების ცენტრი იქნება ამიერკავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი სავაჭრო სტრუქტურა თავის სფეროში, რომელიც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შესთავაზებს დიდი რაოდენობით დასაწყობებულ სკანდინავიურ, ციმბირულ და აფრიკულ მერქანს, მერქნის ბაზაზე დამზადებულ სხვადასხვა პროდუქციას, მერქნის გრძელვადიანი კონსერვაციისა და ზედაპირის დამუშავების საშუალებებს. ცენტრს ძირითადი მიზნების გარდა ექნება ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების პრომოციის დატვირთვა როგორიცაა მდგრადი განვითარების პრინციპები და ენერგოეფექტურობა კავკასიის რეგიონში. ხის ტექნოლოგიების ცენტრში ასევე განთავსდება კომპანია ვუდ სერვისის სათაო ოფისი.
  

მაისი 2009

პრეზენტაცია Caucasus Build 09-ზე: მულტიფუნქციური სათემო ცენტრი


საერთაშორისo გამოფენის Caucasus Build 2009 (20-23 მაისი) ფარგლებში Wood Service-ი სხვა პარტნიორებთან ერთად და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოსთან (GTZ) კოორდინირებით გამართავს პრეზენტაციას, სადაც განხილული იქნება ლტოლვილთათვის სახლების მშენებლობის მიმდინარე პროექტი, ასევე წარმოდგენილი იქნება მულტიფუნქციური სათემო ცენტრის შექმნის კონცეფცია.

ამ ინიციატივის მიზანია აშენდეს სათემო დანიშნულების ნაგებობა, რომელიც შეითავსებს რამდენიმე ფუნქციას: სათემო შეხვედრების ადგილი, საბავშვო ბაღი, სკოლა, პროფესიული გადამზადების ცენტრი, რაც თემის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიზნებს მოემსახურება. მდგრადობის პრინციპებით აგებული შენობა შეასრულებს სადემონსტრაციო ფუნქციასაც ენერგოეფექტურობის, უსაფრთხოების, წყლის დაზოგვის და წვიმის წყლის გამოყენების, გარემოს დაცვის სხვა პრინციპების ილუსტრირებით.

პრეზენტაცია გაიმართება 2009 წ. 21 მაისს, 11:30-დან 12:30 საათამდე, ექსპო-ჯორჯია, მე-6 პავილიონი, წერეთლის გამზ. 118, თბილისი. დასწრების მსურველებმა მოგვმართეთ ვუდ სერვისის სათაო ოფისში.

დამსწრეებს შეეძლებათ ასევე გაეცნონ ხის ტექნოლოგიების ექსპოზიციას Caucasus Build 2009-ზე, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან დარგის ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან MiTek (ა.შ.შ.), Arch Timber Protection (დიდი ბრიტანეთი), Texwood Trading (გერმანია), Diotrol (შვეიცარია), Derome AB (შვედეთი), Nilma (ლატვია), Trukme (ლიტვა) და Wood Service (საქართველო).

  

აპრილი 2009

ქ. გორში 300 სახლის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია


2009 წლის 8 აპრილს ქ. გორში ჩატარდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების GTZ-ის (Gesellschaft Für Technische Zusammenarbeit) პროექტის ”საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გორში” მიმდინარეობის პრეზენტაცია, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, გერმანიის, შვეიცარიის, საბერძნეთის, ჩინეთისა და ირანის ელჩები საქართველოში, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და მასმედიის წარმომადგენლები.

მოწვეული სტუმრები გაეცნენ 300 სახლის მშენებლობის და გადახურვის სამუშაოების მიმდინარეობას. ასევე ესტუმრნენ Wood Service-ის მიერ სამშენებლო მოედანზე გამართულ საწარმოო-სასაწყობო ბაზას და სასწავლო ცენტრს. Wood Service-ის წარმომადგენელმა მამუკა გვილავამ ჩაატარა პრეზენტაცია, რომელშიც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კომპანია Wood Service-ი, მისი შესაძლებლობები და რესურსები, განხორციელებული პროექტები, კომპანიის უცხოური პარტნიორები, სამშენებლო ტექნოლოგიები და საქართველოში მოქმედი ევროპული სამშენებლო ნორმები, რომლებითაც ხელმძღვანელობს კომპანია. მან ასევე ისაუბრა იმ სამშენებლო პრინციპებზე და ტექნოლოგიებზე, რომლების მიხედვითაც ხორციელდება მიმდინარე პროექტი.

  

აპრილი 2009

ვუდ სერვისი და მისი პარტნიორები Caucasus Build 2009-ზე


2009 წლის 20-23 მაისს კომპანია ვუდ სერვისი, მის ამერიკულ და ევროპულ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მშენებლობის და ინტერიერის მე-14 საერთაშორისო გამოფენაში Caucasus Build 2009, რომელიც თბილისში გამოფენების ცენტრში “ექსპო ჯორჯია”-ში ჩატარდება. კომპანიასთან ერთად პირველად წარდგებიან მისი მომწოდებლები: ეგზოტიკური ჯიშების მერქანი (Texwood Trading GmbH, გერმანია), სკანდინავიური წიწვოვანი ჯიშის მერქანი (Derome AB, შვედეთი), ხის შეწებებული ძელები (Nilma, ლიტვა), OSB, ფანერა და სხვადასხვა მერქან-ბურბუშელოვანი ფილები (Trukme, ლიტვა), ნატურალური ზეთები მერქნის, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში გამოყენებისათვის (Diotrol, შვეიცარია). ვუდ სერვისთან ერთად გამოფენაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ კომპანიის პარტნიორები მერქნის გრძელვადიანი კონსერვაციის დარგში (Arch Timber Protection, დიდი ბრიტანეთი) და გადახურვის ნივნივური ფერმების პროექტირება-წარმოებაში (MiTek Industries, აშშ). ვუდ სერვისი და მისი უცხოური პარტნიორების სტენდები განლაგდება მე-6 პავილიონში. გამოფენის ფარგლებში ჩატარდება მერქნის პროდუქციასთან დაკავშირებული სემინარები და პრეზენტაციები, ასევე სხვადასხვა ჯიშის მერქნის აუქციონები. დასწრების მსურველებმა მოგვმართეთ ვუდ სერვისის სათაო ოფისში.

მარტი 2009

ევროპული სამშენებლო მენეჯმენტი ვუდ სერვისში


გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების მიერ გამოყოფილი სახსრებით, ქალაქ გორში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები იძულებით გადაადგილებული პირთათვის 300 სახლის მშენებლობისათვის, პროექტის დასრულება იგეგმება 2009 წლის ზაფხულში. პროექტის მასშტაბურობის გამო ვუდ სერვისმა სამშენებლო სამუშაოების სწორი და დროული კოორდიანციისათვის გერმანიიდან პროფესიონალი მშენებლობის მენეჯერი, ბატონი თომას ულრიხი მოიწვია.

თომას ულრიხი განათლებით პროფესიონალი დურგალია. შესწავლილი აქვს მიწის ქვეშა და მიწის ზედა მშენებლობის ტექნიკა. ასევე გავლილი აქვს სასწავლო კურსი, როგორც უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კოორდინატორს. გააჩნია 25 წლიანი პროფესიონალური გამოცდილება როგორც სხვადასხვა მსხვილი მშენებლობებისა და გადახურვის სამუშაოების კოორდინატორს და მენეჯერს გერმანიის და ევროპის მასშტაბით. იყო მენეჯერი და პასუხისმგებელი ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში როგორიცაა ჰამბურგის აეროპორტის ტერმინალის და ჰამბურგის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა, დიზბურგის სავაჭრო ცენტრის ბეტონის სამუშაოები და სოფია/ბულგარეთში საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

თომას ულრიხი აქტიურად ჩაერთო 300 სახლის მშენებლობის განხორციელებაში. მისი თქმით, ესეთ მოკლევადიან პერიოდში 300 სახლის გადახურვა ერთგვარი გამოწვევაა. “მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება დაუზოგავად მოვახმარო პროექტის წარმატებულად დასრულებას - ამბობს თომასი - მოხარული ვარ ვითანამშრომლო ისეთ პროფესიონალურად მომუშავე ინტერნაციონალური პარტნიორებისა და იმიჯის მქონე ფირმასთან როგორიც ვუდ სერვისია. ძალიან მომწონს საქართველო და სურვილი მაქვს გავეცნო მის კულტურას არა როგორც ტურისტმა, არამედ როგორც ჩვეულებრივმა მაცხოვრებელმა.”

  

მარტი 2009

ვუდ სერვისი ქ. გორში 300 სახლის გადახურვის სამუშაოებს აწარმოებს


შ.პ.ს. ”ვუდ სერვისმა” თავის პარტნიორ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად გაიმარჯვა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების GTZ-ის (Gesellschaft Für Technische Zusammenarbeit) მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინასწარ დამზადებული გადახურვის ფერმების ინსტალაციისათვის პროექტის ფარგლებში ”საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გორში”.

პარტნიორობის მენეჯმენტს შ.პ.ს. ”ვუდ სერვისი” უზრუნველყოფს, რომელიც იმავდროულად პასუხისმგებელი იქნება წინასწარ დამზადებული და სწრაფად ასაწყობი კომპონენტების წარმოებაზე. სახურავების მშენებლობა მასალებით უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი პარტნიორების მხრიდან: MiTek Industries AB, შვედეთი (უჟანგავი ფოლადის შემაერთებელი ფირფიტები, გადახურვის პროექტირება), Trukme, ლიტვა (OSB ფილები), GRC, საქართველო (გადახურვის თბოსაიზოლაციო მასალები, ქარის და ორთქლის მემბრანები), აგრეთვე Derome, შვედეთი (ხის მასალა სკანდინავიის სერტიფიცირებული წყაროებიდან). გადახურვის ფერმების დამზადების ინსტალაციის სამუშაოებს შეასრულებს შ.პ.ს. ”ვუდ სერვისი”. კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახურვის ალტერნატიული ტექნოლოგია, რომელიც მოწონებულ იქნა GTZ-ის მიერ, როგორც მასალების, ისე დამზადების და ინსტალაციის ხარისხით დააკმაყოფილებს შესაბამის ევროპულ და საქართველოში აღიარებულ სტანდარტებს.

პროექტის მასშტაბურობიდან და სამშენებლო სამუშაოების შესრულების მოკლე ვადებიდან გამომდინარე ვუდ სერვისმა ქალაქ გორში ტრეინინგ ცენტრი ჩამოაყალიბა, სადაც მოკლე გადამზადების შედეგად მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანები არსებული პროექტის გადახურვის სამუშაოების წარმატებულად განხორციელებას შეძლებენ.

  
სიახლეების არქივი